logo
ENG



პაპმა ფრანცისკემ დუგინა "ომის მსხვერპლად" მოიხსენია, უკრაინის საგარეომ ნუნციუსი დაიბარა

26 აგვ 202214:22
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/26/cmyesxjxskn8unc.jpg
Vatican Media

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინაში ნუნციუსი (რომის პაპის დიპლომატიური წარმომადგენელი), არქიეპისკოპოსი ვისვალდას კულბოკასი მიიწვია, რათა პაპი ფრანცისკენ მხრიდან დარია დუგინას დაღუპვის შესახებ გაკეთებულ განცხდებაზე იმედგაცრუება გამოეხატა.

ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმთა მინისტრმა დმიტრო კულებამ იტალიის საგარეო მინისტრთან, ლუიჯი დი მაიოსთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ ყურადღებით შევისწავლეთ პაპი ფრანცისკეს სრული ციტატა და, უპირველეს ყოვლისა, გადავწყვიტეთ, რომ გამოვიძახოთ სამოციქულო ნუნციუსი საგარეო საქმეთა სამინისტროში, რათა ამ სიტყვებისადმი უკრაინის იმედგაცრუება გამოვხატოთ. და მეორე, მე გულწრფელად ვიტყვი, რომ პაპის სიტყვებმა უკრაინელების გული გაგლიჯა. ეს უსამართლო იყო“ - განაცხადა კულებამ.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ნუნციუსი უკვე იმყოფებოდა სამინისტროში და შეხვედრასთან დაკავშირებული განცხადება უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება. კულებამ აღნიშნა, რომ ნუნციუსის სამინისტროში გამოძახება უპრეცედენტო შემთხვევაა, რაც თავადვე მეტყველებს საკითხის მნიშვნელობაზე.

პაპმა ფრანცისკემ რუს პროპაგანდისტ ფილოსოფოსსა და პრეზიდენტ პუტინის მოკავშირეს, ალექსანდრ დუგინს შვილის, დარია დუგინას დაღუპვა მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ დუგინა "ომის უდანაშაულო მსხვერპლია".

პაპმა ფრანცისკემ, დუგინას ომის მსხვერპლად გამოცხადებით გაიმეორა რუსული ნარატივი, რომლის მიხედვითაც რუსი ჟურნალისტის მკვლელობა უკრაინის პასუხისმგებლობაა.

„მე ვფიქრობ იმ საბრალო გოგოზე, რომელიც მოსკოვში მისი სკამის სავარძლის ქვეშ არსბეული ბომბით აფეთქდა. ომის უდანაშაულო მსხვერპლი. უდანაშაულო! მოდით, ვიფიქროთ ამ რეალობაზე და ერთმანეთს ვუთხრათ: ომი სიგიჟეა“ - განაცხადა პაპმა ფრანცისკემ.

მოსკოვში კრემლის პროპაგანდისტის, ალექსანდრ დუგინის შვილი, დარია დუგინა მანქანაში 20 აგვისტოს, ღამით ააფეთქეს. იმავე მანქანაში თავად დუგინი უნდა ყოფილიყო, თუმცა, ბოლო მომენტში სხვა მანქანაში ჩაჯდა. სავარაუდოდ, სამიზნე სწორედ ის იყო. დარია დუგინა შემთხვევის ადგილას დაიღუპა. 

21 აგვისტოს მის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა, რუსეთის "ეროვნული რესპუბლიკური არმიის მებრძოლებმა" აიღეს. 

მანამდე რუსმა პროპაგანდისტებმა დუგინას მკვლელობაში უკრაინას დაადანაშაულა, ოფიციალურმა კიევმა კი დუგინას აფეთქებასთან კავშირს უარყოუკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინა, რუსეთისგან განსხვავებით, ტერორისტული სახელმწიფო არაა, ამასთან, მომხდარი რუსეთის ხელისუფლების შიგნით გავლენებისა და ძალაუფლებისთვის დაპირისპირებებზე მეტყველებს. 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კრემლის პროპაგანდისტი დარია დუგინა სიკვდილის შემდეგ სიმამაცის ორდენით დააჯილდოვა. შესაბამის განკარგულებას პუტინმა ხელი 23 აგვისტოს მოაწერა.


close დახურვა